შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, ახალგაზრდების უკეთ ინფორმირების მიზნით, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია გააცნო. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ავტორიზებული 16 უმაღლესი სასწავლებლის: თსუ-ს, ილიაუნის, სამედიცინო უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შსს-ს აკადემიის, სასულიერო აკადემიის და სემინარიის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის 105 სტუდენტი დაესწრო.
ლევან იზორიამ სტუდენტებს სახელმწიფოს მიერ ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ძალადობასთან და კრიმინალთან ბრძოლა მხოლოდ პოლიციური რესურსით ეფექტური ვერ იქნება და პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობა. იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია, საჭიროა ძალადობის წარმოშობის ფაქტორებისა და პირობების ანალიზი, ყურადღების გამახვილება მის შემცირებაზე, საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღებაზე ზრუნვა და შესაბამისი სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება.
ამ მხრივ, ხაზგასასმელია შსს-ს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებული სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“, რომელსაც შსს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, 25 ნოემბრიდან ახორციელებს და მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს.
პრეზენტაციის დასასრულს, ლევან იზორიამ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მოამზადა. მისი მიზანია გრძელვადიანი პერსპექტივით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებების განსაზღვრა. შემუშავებული სტრატეგია სახელმწიფოს მზაობის გამოხატულებაა – უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და მოახდინოს ძალადობის პრევენცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტის მონაწილეობით.
ძალადობის პრევენციის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ფაქტების შემცირება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ძალადობისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
სტრატეგიაში განხილულია ძალადობის პრევენციის ყველა აქტუალური მიმართულება: ოჯახში ძალადობის, სკოლაში ძალადობისა და ქუჩაში ძალადობის პრევენცია შესაბამისი მექანიზმებით, როგორიცაა: სამოქალაქო განათლების (დემოკრატიის სწავლება და დამოკიდებულების პრობლემის მავნე შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება), მედიაციის და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტული პრევენციული მექანიზმები. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აუცილებელია უკვე არსებული ღონისძიებების ეფექტიანობის ამაღლება, ძალადობის პრევენციის ახალი შესაძლებლობების დანერგვა და ამ მიმართულებით შსს აქტიურად მუშაობს. ძალადობის პრევენციის კუთხით საქართველოს მთავრობა ერთიანი მიდგომით, ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მუშაობს.