შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა შსს-ს აკადემიაში ოფიციალურად გახსნეს სემინარი სახელწოდებით „ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა არაპირდაპირი დაკითხვა და ეჭვმიტანილების დაკითხვა“. გახსნის ცერემონიას აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი და მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი, აშშ-ს საელჩოს, შსს-ს აკადემიის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ არის ინიცირებული.
ღონისძიების მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან/მოწმეებთან და ეჭვმიტანილებთან ქართველ გამომძიებელთა კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება, რაც ამ დანაშაულზე რეაგირებას და მის აღმოფხვრას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. აღნიშნული სემინარი განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის.
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან ერთად პოლიციელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარების ჩატარებას ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აშშ-ს მთავრობა მსოფლიო მასშტაბით მხარს უჭერს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირებასა და აღკვეთისთვის გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს, ხოლო აღნიშნული სემინარი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებიდან, რომელიც ხორციელდება აშშ-ის საელჩოს მიერ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგები და სემინარები აშშ-ს მთავრობის, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მონაწილეობით სისტემატურად უტარდებათ. 2014 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით მომუშავე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ოჯახური ძალადობის საკითხებზე გადამზადება ჩაუტარდათ, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში, შსს-ს აკადემიაში, მსხვერპლთან, მოძალადესთან, მოწმესთან კომუნიკაციის პრობლემის იდენტიფიცირებისა და სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის საკითხებზე გადამზადება თბილისში მომუშავე უკლებლივ ყველა პატრულ-ინსპექტორმა გაიარა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები მომზადდა. პოლიციელების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების ტენდენცია, მათ შორის, ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება. შსს-ში შექმნილია კომისია, რომელიც კოორდინაციას უწევს ყველა იმ პოლიციელს, რომელსაც პრევენციული მიზნით მოქმედება უწევს, რაც ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების მიზნით შემაკავებელი ორდერების გაცემას და ასევე, მოძალადის დაკავების მიზნით ეფექტურ რეაგირებას გულისხმობს. ამას გარდა, წინა კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია წარადგინა, რომელმაც მოიცვა ძალადობის პრევენციის ყველა ის მიმართულება, რომელიც საზოგადოებისათვის განსაკუთრებით აქტუალურია: ოჯახში ძალადობის, სკოლაში ძალადობისა და ქუჩაში ძალადობის პრევენცია შესაბამისი მექანიზმებით. დოკუმენტში განხილულია სხვადასხვა სახის ძალადობის პრობლემის არსი, გამომწვევი მიზეზები, პრევენციის მექანიზმები. სტრატეგია სახელმწიფოს მზაობის გამოხატულებაა – უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და მოახდინოს ძალადობის პრევენცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტის მონაწილეობით.