შს მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, გაერო-ს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სპეციალური მომხსენებლის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს, გენერალური ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფლებააღკვეთილ პირთა განთავსების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. დელეგაციის წევრებს შსს-ს წარმომადგენლებმა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმები და დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს.