შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრის მოადგილე სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზებსა და ...
17-11-2017

შს მინისტრის მოადგილე სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზებსა და BP-ის ობიექტს ეწვია

შს მინისტრის მოადგილე სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზებსა და  BP-ის ობიექტს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია კომპანია BP-ს საკომპრესორო სადგურ CSG-1-ზე, კომპანია BP საქართველოს ხელმძღვანელს, კრისტოფერ შლიტერსა და უშიშროების მენეჯერს, სანდრო ჩიტაძეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, მისი მოადგილე და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი.

მხარეებმა სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ახალი მილსადენისა და საკომპრესორო სადგურების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, მათ დანიშნულებას და ოპერირების მასშტაბებს დეტალურად გაეცნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მნიშვნელობა, როგორც რეგიონული, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ჯანდარის განახლებული ბაზაც მოინახულა, სადაც გაფართოვდა ყაზარმა, აშენდა სასადილოს ახალი შენობა, მოეწყო სველი წერტილები, გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდება, სასმელი წყლის მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით გაკეთდა ჭაბურღილი და კეთილმოეწყო ბაზის მიმდებარე ტერიტორია. მინისტრის მოადგილე, ასევე, ეწვია ამავე სამმართველოს რუსთავის ბაზას და ახლადდამონტაჟებული, ანალიტიკური ფუნქციით აღჭურვილი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები დაათვალიერა.

მერაბ მალანიამ შსს-ს მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 10 თანამშრომელი დააჯილდოვა, რომლებმაც შსს-ს სპეციალურ დანაყოფებს შორის გამართულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.