შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ახალი სამწლიანი პროექტის - „მართლმსაჯულება ყველასთვის“ პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტის მიზანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლმსაჯულების სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ახალი პროექტის ფარგლებშიც გაგრძელდება.
პრეზენტაციაზე ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა პროექტის მნიშვნელობასა და ძირითად ამოცანებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებას, სამართლის სფეროს წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ბავშვის უფლებათა მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის უწყებრივი მექანიზმების გაძლიერებას.
სამწლიანი პროგრამა, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა, 2016-2018 წლებში განხორციელდება და არასრულწლოვნების ნაწილს იუნისეფი, ზრდასრულების მიმართულებას კი გაერო-ს განვითარების პროგრამა უხელმძღვანელებს.