შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ესაუბრნენ, რომლის პრეზენტაციაც შს სამინისტროში 4 ოქტომბერს გაიმართება.
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შემუშავდა პროექტი, რომელიც მსოფლიოში არსებული საპოლიციო საქმის განვითარების ბოლო ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შეიქმნა. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად უზრუნველყოფს მონიტორინგს რეალურ დროში, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და ანალიტიკურ მხარდაჭერას. მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს. იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა.