საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია და ცენტრის სხვა წარმომადგენლები საქართველოში „ბრითიშ პეტროლიუმ“-ის (BP) ახალ გენერალურ მენეჯერ კრის შლიტერს და „BP-საქართველო“-ს უსაფრთხოების სამსახურის უფროს სანდრო ჩიტაძეს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეხვედრის მონაწილე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების განსაკუთრებული მნიშვნელობა აღნიშნეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის („SCPX“) ფარგლებში გაზსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის და „BP-საქართველო“-ს წარმომადგენლების შემადგენლობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მუდმივ კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული პროექტის მიმდინარეობას.
შეხვედრის დასასრულს „BP-საქართველო“-ს ხელმძღვანელებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.