შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიის – „არა ძალადობას!“. კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები ამჯერად ქვემო ქართლში, წალკაში დაარიგეს. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემის დასაძლევად კამპანიაში საზოგადოების აქტიურობას და პოლიციასთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სამართალდამცველებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს და სამართალდამცავი ორგანიებისათვის მიმართვის შემთხვევაში, პოლიცია ნებისმიერი მოქალაქის უფლებებს იცავს. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძალადეები კანონით ისჯებიან.
ასევე გააცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ საინფორმაცო ბუკლეტში, რომელიც მათ დაურიგდათ, მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი - „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.