შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს სამუშაო ჯგუფის შექმნა და სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაავალა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, რომლებიც სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ და ყველა მონაწილე უწყებას: მაშველებს, პოლიციას, დასუფთავების სამსახურს და ეროვნულ გვარდიას. პრემიერ-მინისტრმა მადლობა ასევე მედიას გადაუხადა მოვლენების აქტიური გაშუქებისთვის და თანადგომისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმდინარე სამუშაოებსა და გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მერიასთან კოორდინირებულად მუშაობს და ხვალ დილისთვის, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება გზების გახსნა რამდენიმე მიმართულებით, რათა მოძრაობის განტვირთვა მოხდეს.