შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მთავრობის რიგგარეშე საგანგებო სხდომას დაესწრო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება განიხილა და მთავრობის წევრებისგან შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობისთვის: „ძალიან კარგად მუშაობს საგანგებო სამსახური და მაშველები, ძალიან გმირულ საქმიანობას ეწევიან და მინდა მადლობა გადავუხადო მათ: საპატრულო პოლიცია, პოლიცია, სპეზრაზმი, გდდ, სახანძრო, ყველანი, მერიის სამსახური. მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით, იმიტომ რომ მართლა გმირულ საქმიანობას ეწევიან.“
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მთავრობის მეთაურს და კაბინეტის წევრებს შსს-ს დანაყოფების მიერ განხორციელებული სამაშველო ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: „ პირველივე წუთიდან იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამაშველო, საპატრულო, სხვადასხვა დანაყოფები. ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს, გამოიყვანეს, ყველა ჩართული იყო, ვერ გამოვყოფ რომელიმე დანაყოფს. ვერტმფრენმა გადმოიყვანმა ასობით ადამიანი ახალდაბიდან, რომლებიც ჩარჩენილები იყო და მოწყვეტილი იყო. გზა არ იყო, დაკეტილია გზა. სამწუხაროა, და მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, 12 ადამიანი დღესდღეობით ჩვენი მონაცემებით დაღუპული. 24 ადამიანზეა შემოსული, ოჯახებიდან დარეკილი, დაკარგულები არიან და ვეძებთ. მაქსიმალურად ჩართულები არიან. ზედაპირულად რაც მოხდა, რისი საშუალებაც იყო, რომ დაეთვალიერებინათ მანქანები, ეს არის ზედაპირზე, არც ერთი ადამიანი იქ არ აღმოჩნდა. გვირაბებშია ჩატანილი მანქანები, არის გადაფარული სილით, და არის კიდევ შესაძლებლობა, რომ მტკვარში გადაგდებული იყოს, ჯებირი გადანგრეულია და იქ იყოს ჩაძირული მანქანები“.
მთავრობის წევრებმა საკუთარი უწყებების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. ყველა უწყება 24-საათიან რეჟიმში მაქსიმალურად მობილიზებულია რათა სტიქიის შედეგები უახლოეს დროში აღმოიფხვრას და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაეწიოს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისშში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.