საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. შს მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ჩაკ როზენბერგს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ნარკოტიკებთან ბრძოლა მომდევნო წლების პრიორიტეტად დაისახა, რისთვისაც შეიმუშავა და მიიღო ნარკოსტრატეგია და მისი შესრულების სამოქმედო გეგმა. შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს შს სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფისთვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანად წარმოებას საქართველოში.
შეხვედრაზე შს მინისტრმა ბოლო პერიოდში სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და დანერგილი სიახლეების შესახებ ისაუბრა. ჩაკ როზენბერგმა დადებითად შეაფასა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
გიორგი მღებრიშვილმა საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც ისაუბრა. კერძოდ, პროაქტიული გამოძიების გაძლიერების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ნარკოტრანზიტების განყოფილებაზე, რომლის ანალიზის საფუძველზეც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი იქნა გამოვლენილი.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ჩაკ როზენბერგი მომავალ წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რათა განიხილონ თანამშრომლობისას მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.