შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და გადაუდებელ ღონისძიებებს კოორდინაცია გაუწია.
ხეობაში, შს მინისტრთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
23 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებული მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135 კმ მონაკვეთი დააზიანა.
ხეობაში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, რომლებმაც, სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები. ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და სტიქიის ზონიდან მოქალაქეებისა და ავტომანქანების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს.
მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა. ავტომანქანების გადაადგილება ნებადართულია სოფელ გველეთამდე. მომხდართან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალი“ ორივე მიმართულებით დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვეტმფრენი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში.