შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, „მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მინისტრმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ახორციელებს.
მინისტრმა დღევანდელ სამუშაოებზე ისაუბრა: „რაც შეეხება დღევანდელ სამუშაოებს, დღეს 1500 კაცამდეა ჩართული, მოქალაქეები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მათგანს. სადღაც 800 კაცამდე ჩართულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, იქ არის მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ობიექტების დაცვა, მთლიანად დაცვის პოლიცია. ისინი იცვლებიან, რა თქმა უნდა, ყოველ დღე, ცვლებით მუშაობენ. ხელით სამუშაო ძალიან მცირე დარჩა, მცირე მასა დარჩა და არის უფრო ტექნიკით სამუშაო. აქედან გამომდინარე, კრიზისების საბჭოში განიხილეს და უნდათ, რომ უკვე გადაერთვნენ ტექნიკით მუშაობაზე. საძიებო სამუშაოებში მაშველები ჩართულები იქნებიან აუცილებლად და ეს მოქალაქეები, ე.წ. მოხალისეებს რომ ვეძახით, ნელ-ნელა გამოვიყვანოთ“.
ვახტანგ გომელაურმა ასევე სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანაზე განმარტება გააკეთა: „როგორც კი სიგნალი შემოვა ხოლმე, რომ მეწყერი ჩამოწვა, არის ხოლმე ძალიან პატარა მასა, ერთი კუბიც რომ ჩამოიშალოს გზაზე, მოქალაქეები რეკავენ „112“-ში, რომ გზაზე ჩამოიშალა მიწა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უსაფრთხოების მიზნით პრევენციას ვატარებთ და გამოგვყავს ეს ხალხი. გარისკვის უფლება არ გვაქვს და არც უნდა გავრისკოთ. იგივე, აქედანაც თუ რამე საფრთხეა ხოლმე სათავესთან, გეოლოგები მუშაობენ, ასევე სინოპტიკოსები და გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს რაღაცა დონის, 10%-იანი საფრთხე, თუმცა არ ვრისკავთ ჩვენ და მაინც გამოგვყავს. ეხლაც გამოიყვანეს. როდესაც წვიმა მოდის ხოლმე, ავტომატურად გვაფრთხილებენ და ვაჩერებთ ხოლმე“.
შს მინისტრმა დღეს გორში და წეროვანში ცხოველის საძიებო სამუშაოებზეც ისაუბრა:
„გორში არ დადასტურდა. მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ ინიციატორს, ვინც დარეკა. ასევე იყო წეროვანთან, მისადგომებთან, ვეფხვზე იყო საუბარი. ჩართული იყო ვერტმფრენები, ჩართულები იყვნენ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რამდენიმე ათეული. მთელი სოფელი გადაამოწმეს სარდაფებით და მიტოვებული შენობებით, არაფერი არ აღმოჩნდა იქ. კვალიც ნახეს და მონადირეებმა და ექსპერტებმა არ დაადასტურეს. დიდი ზომის ძაღლზე უფრო ფიქრობენ და არა ვეფხვზე. ეხლაც იქ არიან და მუშაობენ, სავარაუდოდ, ამთავრებენ, როგორც მე ვიცი“.