შინაგან საქმეთა სამინისტროში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებების, დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დონორებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2015-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების მიზნით საბჭოს წევრი უწყებების საჭიროებები წარედგინათ.
საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნულ სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს თავმჯდომარეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2014 წლის თებერვალში დაამტკიცა მთავრობამ. 2015 წლის მარტში დამტკიცდა სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმა.
ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან და გაერო-სთან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა „ევროკავშირის ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილებების გაზიარების ცენტრების“ ინიციატივაში, რომელმაც ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. შსს-სა და გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) ინიციატივით აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაციები გაიმართა 2014 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის პარალელურად, ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (ჰააგა, 2014 წლის დეკემბერი), გაერო-ს რეგიონულ ოფისში (ჟენევა, 2014 წლის დეკემბერი) და დიდი შვიდიანის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალური პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე (მიუნხენი, 2015 წლის აპრილი).
სხვადასხვა ქვეყანა უკვე გამოთქვამს სურვილს, რათა საქართველომ მათ გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და მეტიც, დაეხმაროს მათ ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.