შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, შსს აკადემიის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, საინფორმაციო-ანალიტიკური და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიების საკითხებზე სასწავლო კურსი გაიარეს.
სწავლებები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ილინოისის შტატის პოლიციის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: შემთხვევის ადგილის კვლევა, შემთხვევის ფოტოგრაფირება, მიმალვის შემთხვევების გამოძიება და სხვ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.