შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აქტიურად გრძელდება.
"თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მომსახურების სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მართლწესრიგის ოფიცრებს "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჩაუტარდათ აცრა.
იმუნიზაციის ცენტრში სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციისთვის ათი კაბინეტია მოწყობილი, სადაც ვაქცინაციის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის და უწყებაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ. კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც "ფაიზერის" და „სინოვაკის", ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 18 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.