შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის თანამშრომლებს ვაქცინაცია აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდათ. ვაქცინაციის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციისთვის ხუთი კაბინეტია მოწყობილი. კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“, ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, სამინისტროს 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.