შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს. წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს მოიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სწავლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა სწავლების შინაარსსა და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
PPRD პროექტში საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.