შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის შედეგად აღნიშნულ სამმართველოში შეიქმნა არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო.
არასრულწლოვანთა სივრცე მოწყობილია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით.
სივრცე უზრუნველყოფილია არასრულწლოვნის გამოკითხვისთვის საჭირო ოთახებით და აუდიო/ვიდეო აპარატურით, იზოლირებული შესასვლელით და მოსაცდელით. გარემოს არსებობა ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას სამართალწარმოების ეტაპზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას.