გამოვხატავთ რა პატივისცემას ომბუდსმენის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წამყვანი ეროვნული ინსტიტუტისადმი და ვაფიქსირებთ მზაობას თანამშრომლობისთვის, საჭიროდ მიგვაჩნია, ანგარიშვალდებული ვიყოთ სახალხო დამცველისა და საზოგადოების წინაშე და გავცეთ პასუხები ჩვენი უწყების მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს.
2014 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ უახლეს მდგომარეობას არ ასახავს, ასევე არარეალურია მასში დაფიქსირებული მოლოდინები პრობლემის დაძლევის მიმართ. კერძოდ,
1) მინისტრს პირად კონტროლზე უკვე ჰყავს აყვანილი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი, რასაც ადასტურებს შსს-ს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე; ასევე მინისტრის N726 ბრძანება ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების კომისიის შექმნაზე და მინისტრის 2014 წლის 9 დეკემბრის №45 მითითება „ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ“, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის საკითხი;
2) უფლებამოსილ თანამშრომლებს არათუ განემარტათ საკითხის სენსიტიურობა, არამედ შსს-ს ტერიტორიული ორგანოებიდან მოხდა თანამშრომლების (ქალი და მამაკაცი პოლიციელების შემადგენლობით) მომზადება და იდენტიფიცირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების მიზნით. ასევე, ტარდება პოლიციელთა ტრენინგები ამ მიმართულებით, რომელიც უკვე 500-ზე მეტმა უბნის ინსპექტორმა გაიარა;
3) შემაკავებელი ორდერების გამოყენების ყოველთვიური მაჩვენებელი ბოლო 11 თვის მანძილზე 2 ერთეულიდან 145 ერთეულამდე გაიზარდა; ხოლო 2014 წელს ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების 74% უკვე გახსნილია და დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემულნი;
4) ძალადობის პრევენციის მიზნით მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და შექმნილია ცხელი ხაზი;
5) შს სამინისტრო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუშაობს ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული დატვირთვით მუშაობს ძალადობის პრევენციის და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა პრობლემას წარმოადგენს ევროკავშირის განვითარებული ქვეყნებისთვისაც, სადაც 2014 წელს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (იხ.http://fra.europa.eu/sites/default/files/fra-2014-vaw-survey-main-results-apr14_en.pdf) 15 წელზე უფროსი ქალების საშუალოდ 33% სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია. ასევე, ნიშანდობლივია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ეგიდით გენდერული ურთიერთობების სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც ჩანს პრობლემის კომპლექსური ხასიათი და მრავალი შემადგენელი, რომლის სრულად მოგვარების მოლოდინი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იქნებოდა.