შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უერთდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“. მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დავით მიზანდარი ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სოლიდარობის ფონდთან ერთად სოციალურ პროექტს 1 ივნისიდან იწყებს. პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს ნებისმიერი სერვისით ისარგებლებენ (მაგალითად, ავტომანქანის სანომრე ნიშნის შეძენისას), სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ განახორციელონ მცირე დონაცია და შესაბამისად, გახდნენ სოლიდარობის ფონდის მხარდამჭერები. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას.