საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე - შონ ო ფარელი დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია.
მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებისა და მათი გაცემის წესის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.