მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს. შესაბამისად, იმ პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს.
მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.
მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს:
• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• არსებული მართვის მოწმობა.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარი.
დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს "ფეისბუქ"-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა განისაზღვრა 5 წლით.