მართლწესრიგის ოფიცრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა პროექტის - „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გამყარება“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
მართლწესრიგის ოფიცრებმა ახალგაზრდებს საკუთარი ფუნქციები და მოვალეობები გააცნეს. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელ პირობებსა და პროცედურებს.
ოფიცრებმა სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინსტიტუტის, მართლწესრიგის ოფიცრის ლოგოს გამოსახულებიანი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები მსგავს შეხვედრებს ეტაპობრივად სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გამართავენ.