შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში, 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ შემთხვევამდე, გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა - ლ. ქ.
თავად მცირეწლოვანი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა.
საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.
ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, ლ.ქ.-ს მიმართ პოლიციამ გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.
22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ, ლ.ქ. პოლიციამ ორდერის დარღვევისთვის სისხლის სამართლის წესით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს, ეფექტიანად მიმდინარეობდა თუ არა შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.
მცირეწლოვნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.