შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ და საერთაშორისო მხარდაჭერით, ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს.
პრეზიდენტის 2013 წლის 15 მარტის ბრძანებულებით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმა 2013-2014“. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პარლამენტის წევრებმა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა. სამოქმედო გეგმა გამოხატავს ოთხ ძირითად პრინციპს: პრევენცია, დაცვა, პარტნიორობა, სამართლებრივი დევნა.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველომ გააფორმა საერთაშორისო ხელშეკრულებები 22 ქვეყანასთან: სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ეგვიპტე, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ყაზახისტანი, ლატვია, ლიტვა, მალტა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, ბრიტანეთი და უზბეკეთი. 2014 წლის იანვარ-ივლისში შსს-მ დადო 7 საერთაშორისო შეთანხმება, 2013 წელს კი გაფორმდა 15 შეთანხმება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2011 და 2012 წლებში გაფორმდა 9 შეთანხმება, 2010 წელს – 4, 2009 წელს – 1, 2008 წელს – არც ერთი.
2014 წლის 24 იანვარს ლონდონში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად (IOM) ახორციელებს პროექტს „აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონში ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერება 2013-2014“. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ. პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი (Task Force), რომლის შემადგენლობაც ითვალისწინებს 7 მოქმედი გამომძიებლის და 5 პროკურორის ოპერატიულ თანამშრომლობას აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის წანაღმდეგ მიმართულ საქმიანობაში. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ხდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკნგის) დანაშაულის პროაქტიული გამოვლენა, ეფექტური გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ასევე იგეგმება Task Force-ის შექმნა ქვემო ქართლის რეგიონში.
2014 წლის 29 აპრილიდან 2 მაისამდე ბათუმში გამომძიებლებისა და დეტექტივებისთვის გაიმართა ტრენინგი ტრეფიკინგის საკითხებზე. მსგავსი სახის ტრენინგები შსს-ს თანამშრომლებისთვის სისტემატურად იმართება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრეფიკინგის საკითხებს მიეძღვნა რადიოგადაცემა „კანონის ფარგლებში“.
2013 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კუთხით მოქმედი კანონმდებლობის გადასინჯვა და არსებული ხარვეზების გამოსწორება. შემუშავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ცვლილებების პროექტი, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) ეხება. ცვლილებები 2014 წლის ივნისში შევიდა ძალაში.
იუსტიციის საბჭომ შექმნა სახელმძღვანელოები, რომლებიც საშუალებას მისცემს გამომძიებლებსა და პროკურორებს მოახდინონ ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და ტრეფიკინგის შემთხვევებისთვის სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება. სახელმძღვანელო ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის სამართლებრივი ასპექტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიების სტანდარტები, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაკითხვის სტანდარტები და ა.შ. სახელმძღვანელოები დამტკიცდა 2014 წლის თებერვალში.