პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა.
აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროტესტი გამოეხატათ მშვიდ ვითარებაში, თუმცა საზოგადოება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერების საშუალებით ნათლად ხედავს, რომ შეკრებილები მასიურად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებულ სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების კანონიერ მითითებებს.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების,გააგრძელებენ პარლამენტის შენობის დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებას და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა.