შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებ მონაცემებს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიულად აქვეყნებს.
სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5186 მოქალაქემ, 28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე.
ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მგზავრთა ნაკადის სტატისტიკის გამოქვეყნებას და საზოგადოების ინფორმირებას.