მოგახსენებთ, რომ მიმდინარე საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, შს სამინისტრო ბოლო დღეების განმავლობაში თავს იკავებდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან. თუმცა, ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გამო, რათა თავიდან იქნას აცილებული ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება:
მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქე დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - ზ.გ.-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ა.ტ.-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის - ი.ქ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.
ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი.