განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქმე გახსნილია. იდენტიფიცირებულია ხსენებულ დანაშულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი.
როგორც საზოგადოებას აქამდე ეცნობა, საგამოძიებო ჯგუფის მიერ შემთხვევიდან უმოკლეს დროში დაიწყო პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. კერძოდ, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილი; დაიკითხა ათეულობით მოწმე; შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტის მიხედვით ამოღებული იქნა გარე სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები; ასევე, ჩატარდა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
სწორედ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა გამოძიების მიერ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ.
ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს.
რაც შეეხება გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირს, მისი ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.