უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021", რომელიც საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება, აქტიურ ფაზაშია. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე წარმომადგენელი, როგორც საშტაბო, ასევე, საველე კომპონენტებში მონაწილეობს.
სწავლების აქტიურ ფაზაში, საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციით გაათამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი დანაყოფის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სწავლების ფარგლებში, საშტაბო ნაწილში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტების წარმომადგენლები კრიზისების მართვის უწყებათშორისი ოპერატიული ცენტრის ორგანიზებისა და მუშაობის პროცესში არიან ჩართული. სწავლებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც 5 დღის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სივრცეში იმუშავებენ.
სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებსა და დეზინფორმაციასთან გამკლავება. წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები - VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომლებიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს, სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.