საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს ჯორჯიის შტატის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს და პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს თბილისის ოფისის წარმომადგენლები არიან.
დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს, ადმინისტრაციის უფროს ლელა ჩიქოვანს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორ შალვა კვინიხიძეს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებთან. სტუმრები გაეცნობიან სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერებენ პოლიციის დანაყოფებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი პროექტები და სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები ხორციელდება. სწავლებების დიდი ნაწილი ჯორჯიის შტატის ინსტრუქტორთა ხელშეწყობით ტარდება.