შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის - „ბანაკი პოლიციაში“ ფარგლებში, როგორც რეგიონის, ასევე, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მე-9 კლასის 30 მოსწავლეს უმასპინძლა.
ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მოსწავლეები და 6 სამართალდამცველი, რომლებიც სკოლებთან „სამართლებრივი კულტურის“ სასწავლო კურსის ფარგლებში თანამშრომლობენ, საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ.
პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში სტუმრები ჩართული იყვნენ სხვადასხვა პრაქტიკულ და თეორიულ აქტივობაში.
ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის, სამართალდამცველების უფლება-მოვალეობების, მათი ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, ასევე, საზოგადოების პოლიციასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.