შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტ...
22-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას ახორციელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან - თამარ გვარამაძესთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან - გიორგი მოსაშვილთან ერთად, წალკაში, დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი დაათვალიერა.

რეაბილიტირებული იზოლატორი სრულად შეესაბამება დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებს. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

წალკის იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემა. ასევე, მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, სადაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. შენობის პერიმეტრი სრულად კონტროლდება სამეთვალყურეო კამერების საშუალებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის ბოლომდე, დროებითი მოთავსების კიდევ 6 იზოლატორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებას გეგმავს.