საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი - წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.
საპატრულო პოლიციამ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე, საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.