შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯიას" ქვეკონტრაქტორი შპს-ების - "ალბაირაქისა" და შპს "დინამიტი-ლ.დ."-ს თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში, მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.