შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი - 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე, დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
პოლიციამ გ.შ და ე.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.