შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული ფ.ნ., 1976 წელს დაბადებული ი.მ., 1984 წელს დაბადებული ე.ი., 1983 წელს დაბადებული ე.ი., 1975 წელს დაბადებული ი.ც., 1991 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული რ.ა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ სამართალდამცველები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის - ჯ.ე.-ს დაკავების მიზნით, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ამ პერიოდში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ჯ.ე. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის" 393 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, 1980 წელის დაბადებული ვ.ვ. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი".
მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.