მიმდინარე წლის 5 აპრილს, 12:12 საათზე, „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შეტყობინება 12:16 საათზე გადაეცა. სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ იმყოფებოდნენ. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო.
საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავთან ერთად, სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო და მყინვარწვერისკენ გაფრინდა.
ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად, ჯერ ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილზე დაშვება და დაშავებული პირის საავადმყოფოში გადაყვანა.