შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული რ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებმა ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას - 1936 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დადგინდა, რომ რ.თ.-მ გარდაცვლილი დის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეზოში დამარხა, ხოლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, პოლიციაში განცხადება შეიტანა, თითქოს მასთან ერთად მცხოვრები კ.თ. რამდენიმე დღე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.თ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარს ბრალდებულის ეზოში მიაკვლიეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.