შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. 1996 წელს დაბადებულ ს.ჰ.-ს, 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს და 1981 წელს დაბადებულ მ.ს.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება, 60 აბი "სუბოქსინი", ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 1,38 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" (მარილი), რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.