შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს - 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.