შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა ...
06-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს - დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ი.ბ.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმას - 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ი.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.