შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.
ხოლო, 5 პირს: წარსულში ნასამართლევ 1986 წელს დაბადებულ ვ.ჩ.-ს (მეტსახელად „ცქნაფა“) და საზღვარგარეთ მყოფ 4 „კანონიერი ქურდს“: 1961 წელს დაბადებულ არიკი მიხაელს (მეტსახელად „იზიკი“); 1981 წელს დაბადებულ ილია გაგლოევს (მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“); 1974 წელს დაბადებულ პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად „ეშხა“) და 1982 წელს დაბადებულ მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად „მახო“) ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული გ.ჭ.; 1972 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ბახა“) და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.ღ. (მეტსახელად „შრამიანი“); 1981 წელს დაბადებული მ.ბ.; 1995 წელს დაბადებული გ.კ.; 1978 წელს დაბადებული ზ.დ. და 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“).
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული“ სამყაროს წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში „კანონიერი ქურდები“ ჩართეს.
აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისთვის მიღებული თანხა მათ პირადად მოიხმარეს და არ გადაუციათ „კანონიერი ქურდებისთვის“, კერძოდ ილია გაგლოევისთვის მეტსახელად „ილო კალინინგრადსკი“ და პაატა ვაშაკიძისთვის, მეტსახელად „ეშხა“.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მითვისებული თანხის შესახებ ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდებისთვის“ და ამ ქმედების განხილვისთვის „ქურდული“ გარჩევა მოეწყო. საქმეში ასევე, ჩაერთო „კანონიერი ქურდები“ - არიკი მიხაელი, მეტსახელად „იზიკი“ და მალხაზ დარჩიევი, მეტსახელად „მახო“.
ამავე, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „შოკი“), რომელიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ სახელით მოქმედებდა და მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აიძულებდა.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.