სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს უანგარო დონაციისთვის სიგელი დაუსწრებლად გადასცა და შს სამინისტროს აქციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. დაჯილდოების ცერემონიას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბუზალაძე დაესწრო.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლები უკვე მეორე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ. შსს-ს მ. იაშვილის კლინიკასთან მემორანდუმი ჰქონდა გაფორმებული, რომლის ფარგლებში, „სისხლის ბანკი“-ს აქცია „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ სამინისტროს ქვედანაყოფებში როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით ტარდება. ორი წლის განმავლობაში მასში ასეულობით პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. შსს სისხლის უანგაროდ გაცემის აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გააგრძელებს.
14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, მადლიერების გამოხატვა ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს.