შს სამინისტრომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას – „დედამიწის საათი“ - სოლიდარობა გამოუცხადა და თბილისში, ნოე რამიშვილის ქუჩაზე, N38-ში მდებარე შსს-ს შენობის განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამორთო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეურთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
საერთაშორისო აქციის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება. საქართველო „დედამიწის საათს“ 2009 წლიდან აღნიშნავს.