საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს გორში 11:00 საათიდან მასპინძლობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილ ისტორიულ ინსტალაციებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო და საგამოფენო სტენდებს, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას, აღჭურვილობას და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობა იმართება, მოწყობილია სხვადასხვა გასართობი სივრცე.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შიდა ქართლის მხარეში მცხოვრები მოქალაქეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს.