შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტაბახმელაში პოლიციის შენობა გახსნა. მინისტრმა, პირველ მოადგილესთან - შალვა ბედოიძესთან და მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან ერთად, ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობაში საქმიანობის გაგრძელება მიულოცა.
ტაბახმელაში პოლიციის შენობა ამ დრომდე, დროებით იყო განთავსებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოძველებულ შენობაში. პოლიციის ახალი შენობა ახალ ლოკაციაზე აშენდა.
ტაბახმელის პოლიციის სამმართველოში იმუშავებს კრიმინალური პოლიციის 25 თანამშრომელი, რომლებიც ადმინისტრაციულად თბილისს შემოერთებული დასახლებების - წავკისის, შინდისისა და კოჯრის, ასევე, ოქროყანის მოსახლეობას მოემსახურებიან.
შენობაში განთავსებულია ნივთმტკიცებების, საიარაღო, ამოცნობის, მოსასვენებელი და სასადილო ოთახები, აგრეთვე, სპორტული დარბაზი. ოპერატიული, საგამოძიებო, საუბნო მიმართულებით მომუშავე და დაცვის პოლიციის თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო სივრცეები.
ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი და ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე.
პოლიციის ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტებს, რომელთა ფარგლებში, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, უწყების დანაყოფებისთვის არაერთი ახალი შენობა აშენდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები. ამასთანავე, მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.