შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მის მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.
ბუტა ანთაძის ოჯახს, პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძეს და მის მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში ბინები საჩუქრად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცათ.
ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი - მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ-ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი მადლობის სიგელი მიიღო.
„მივესალმები პატარა სტუმრებს, დიდი მადლობა, ქალბატონო ირმა, რომ მობრძანდით, პატარებთან ერთად, ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. დღეს ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, თანადგომა და პატივისცემა ჩვენი გმირი პოლიციელების, მათი ოჯახების მიმართ. მე მინდა, გავიხსენო 2018 წლის ინციდენტი, როდესაც ჩვენი თანამშრომელი - ბუტა ანთაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა, უმძიმესი, ასე ვიტყოდი. მოხდა მასზე თავდასხმა, რა დროსაც მიიღო უმძიმესი ჭრილობები. ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შევძელით ბუტას გადარჩენა. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დღეს ბუტას ქალბატონის დაბადების დღეა. გილოცავ, ანასტასია, შვილო, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ და ქალბატონო ირმა, თქვენ, თქვენმა შვილებმა თავაწეულებმა, ამაყად უნდა იაროთ მთელი ცხოვრება, იმიტომ, რომ ბუტა ნამდვილად გმირი იყო და შეეწირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და დაცვას. დიდი მადლობა. ასევე, მინდა აქვე გავიხსენო ბათუმის ინციდენტი, როდესაც ჩვენი საპატრულო ეკიპაჟი გადაადგილდებოდა ბათუმში, ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მოქალაქემ გააჩერა და თავს დაესხა ოთარ თავართქილაძეს, მიაყენა უმძიმესი ჭრილობები ყელისა და კისრის არეში. მოხდა თავდამსხმელის ადგილზე დაკავება. ბატონმა ავთომ ისეთი სწრაფი რეაქცია გამოავლინა და მაღალი პროფესიონალიზმი, რომ ვუყურეთ ამ კადრებს, ყველა გაკვირვებული ვიყავით. დიდი მადლობა მას. ეს არ იყო მარტო ჩვენი თანამშრომლებისა და კოლეგების შეფასება, მოქალაქეებიც, ჩვენი მეგობრებიც გვეუბნებოდნენ - ასეთი რამ იშვიათად ხდება, ფილმებში გვინახავსო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყავით. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ მოქალაქეს, ბატონ რაულს, რომ გამოიჩინეთ სამოქალაქო გმირობა, გვერდში დაუდექით პოლიციელს. რომ არა თქვენ, შეიძლება, ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო პერსონალს, ვინც ჩაერთო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაატარა. ჩვენ ვიყავით, ვესაუბრეთ მათ, თქვეს, რომ ძალიან მძიმედ იყო ოთარი. დროულად მოყვანა... ის წუთები, ის წამები ყველაფერს ნიშნავდა. ყველას დიდი მადლობა. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, ბატონო პრემიერო, რომ მობრძანდით. თქვენთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ახლობელია. ვიცი, როგორ პატივს სცემთ ყველა რიგით თანამშრომელს, ხელმძღვანელებს. ძალიან ბევრი გააკეთეთ ნამდვილად და ამას ვაგრძელებთ. ბევრი სიკეთე გაკეთდა. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ თორნიკეს, ჩვენი თხოვნიდან გამომდინარე, უსწრაფესად გამოგვეხმაურა და გვერდში დაგვიდგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, ჩვენი გმირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს დღეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია პოლიციაზე საუბარი იმაზე ხაზგასმის გარეშე, რომ ყველას, თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, პოლიციელებს უნდა ესმოდეთ - ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე. არაერთხელ მითქვამს ეს და ბევრჯერ, როდესაც მექნება შესაძლებლობა, ამას ყოველთვის გავიმეორებ. წარმატება არ იქნება მიღწევადი არც ერთ სფეროში, განათლებიდან დაწყებული ეკონომიკითა და ტურიზმით გაგრძელებული და კიდევ ბევრი მიმართულებით, თუ ქვეყანაში არ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და, რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონებო, ამას უზრუნველყოფთ თქვენ.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე, როგორც გააკეთა ეს ბუტა ანთაძემ. ძალიან კარგად გვახსოვს ის დღე, როდესაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ჩვენ მაშინ, ვისაც შეგვეძლო, ემოციურად ყველანი ვიყავით ბუტას გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ და ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ეს, ვიყოთ მისი ოჯახისა და შვილების გვერდით. მე მახსოვს ემოციური შეხვედრები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ის პერიპეტიები, რომლებიც საგამოძიებო პროცესში გამოვიარეთ და ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით. მერწმუნეთ, ჩვენ ამას ყველაფერს შევასრულებთ. პირველ რიგში, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად, აგრეთვე, მისი ოჯახისა და მისი შვილების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ხოლო ის, რაც პატრულ-ინსპექტორებმა - თავართქილაძემ და მჟავანაძემ ჩაიდინეს, არის ის მისაბაძი მაგალითები, რომლებიც ქართულ პოლიციაში ყოველთვის იყო, იქნება, მაგრამ რომლებსაც სჭირდება ღირსეული და შესაბამისი დაფასება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებზე - ოთარ თავართქილაძესა და ავთანდილ მჟავანაძეზე საუბრისას.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა და ამ ახალგაზრდა ბავშვების ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ღირსეული მსახურება ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ბუტას ბიჭიც რომ გაიზრდება, მისი პირველი ოცნება იქნება პოლიციელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობა, ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ღირსეული პოლიციელის ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებთ და გავაგრძელებთ. მადლობას გიხდით თქვენ, ბუტას ოჯახს. ვუსურვებ პოლიციის რიგებს და საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ღირსეული პოლიციელი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ჰყავდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით მივიღეთ ეს ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელიც ეხებოდა წახალისებას, ასე ვთქვათ, ოფიცრების, იმ გმირობისთვის, სიმამაცისთვის, რაც მათ გამოავლინეს. მე ქედს ვიხრი გარდაცვლილი პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახის, მისი ხსოვნის წინაშე და მინდა, საჯაროდ კიდევ ერთი რამე ვთქვათ, რომ სახელმწიფო, ყველა, მთავრობა გააგრძელებს თქვენს თანადგომას“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
დაღუპული პოლიციელი ბუტა ანთაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". მედალი მის მეუღლეს გადაეცა.
მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი - ოთარ თავართქილაძე და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძე დაჯილდოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს - მიხეილ დილიმაშვილსა და პატრულ-ინსპექტორ ირაკლი იფშირაძეს კი გადაეცათ მედალიონები -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.
გასული წლის 18 დეკემბერს პატრულ-ინსპექტორი - ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან - ავთანდილ მჟავანაძესთან ერთად ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. მოულოდნელად მოქალაქემ ოთარ თავართქილაძე ცივი იარაღით დაჭრა. ავთანდილ მჟავანაძემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. თუმცა, დაკავებისას, აღნიშნულმა პირმა მასაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. ოთარ თავართქილაძე საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა მიხეილ დილიმაშვილმა, პატრულ- ინსპექტორმა ირაკლი იფშირაძემ და ფაქტის შემსწრე მოქალაქემ - რაულ თებიძემ, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და დაჭრილი პოლიციელი არ მიატოვა, საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს.