შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით საგანგებოდ შექმნილ შტაბს ხელმძღვანელობს. მინისტრი აგრძელებს მუშაობას დარიალის ხეობაში, ადგილზე დაათვალიერა მეწყერის ზონაში მიმდინარე სამუშაოები და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით მდინარე დევდორაკის ხეობაში შეიქმნა რამდენიმე საგუშაგო. ხეობის ყველაზე მაღალი წერტილიდან მესაზღვრეები აკვირდებიან მეწყერსაშიშ ზონებს. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ისინი რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.
შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად აწარმოებენ საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს დამეწყრილ ტერიტორიებზე სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.